იარაღის ექსპორტი სომხეთში სერბულმა კერძო კომპანიამ განახორციელა - სერბეთის ვაჭრობის მინისტრი

სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა, რასიმ ლიაიჩმა მედიას განუცხადა, რომ სომხეთში იარაღის ექსპორტი სერბეთიდან კერძო კომპანიამ განახორციელა, რომელსაც ოთხი სხვადასხვა უწყების ნებართვა ჰქონდა აღებული.

ლიაიჩის კომენტარი ეხებოდა აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იარაღი, რომელიც სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სასაზღვრო კომპლიქტის დროს გამოიყენა, სერბეთიდან იყო ექსპორტირებული.

„იარაღი სომხეთში ექსპორტირება 2020 წელს კერძო კომპანიამ განახორციელა, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ კომპანიებს ამ ფაქტთან კავშირი არ აქვთ. მე ვერ დავასახელებ კონკრეტული კომპანიების სახელს, თუმცა ვიცი, რომ ხსენებულმა კომპანიამ 2020 წლის მაისსა და ივნისში მილიონ ევროზე ნაკლები ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი მიწოდება უზრუნველყო”, – განაცხადა ლიაიჩმა.

ლიაიჩის თქმით, სომხეთისთვის არც ევროკავშირს, არც აშშ-ს, არც რუსეთს არ დაუწესებია სანქციები, რომლებიც ქვეყნის მოთხოვნებზე უარის თქმას ართულებს.

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში სერბეთის ელჩი დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობას ჩრდილი მიადგებოდა.


აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Haqqin-მა 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თოვუზის დასაბომბად სომხეთს სერბეთმა ნაღმმტყორცნები საქართველოს დახმარებით გაუგზავნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებული პუბლიკაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და „უამრავ უზუსტობებს შეიცავს“.

ქართული უწყების პასუხის შემდეგ Haqqin-მა ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ შეიარაღება სომხეთმა რუსეთისგან საქართველოს გავლით მიიღო.