ვიმედოვნებთ, ამჯერად ქართველი დიპლომატებისთვის ფაქტი უდავო მტკიცებულება გახდება - Haqqin ფოტოებს აქვეყნებს

პუბლიკა

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Haqqin საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს.

Haqqin-ის რედაქცია წერს, რომ ისინი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ თბილისის მიერ მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანის გამო.

„haqqin.az-ის რედაქცია გაოგნებული ეცნობოდა აზერბაიჯანისადმი მეგობრულად განწყობილი საქართველოს შიდაპოლიტიკური უწყების განცხადებას. სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა განცხადებაში ეჭვის ქვეშ დაყენა ჩვენი გამოცემის კომპეტენტურობა და სერიოზულობა. უფრო მეტიც, haqqin.az-ს ბრალი ედებოდა დეზინფორმაციის განზრახ ტირაჟირებაში“, – წერს გამოცემა და მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის დასტურად, რომ სომხეთმა რუსეთისგან საქართველოს გავლით შეიარაღება მიიღო, ფოტოებს აქვეყნებს.

აზერბაიჯანული გამოცემის მტკიცებით, ფოტოებში ჩანს სამხედრო სატვირთო მანქანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული და რუსეთიდან სომხეთში შეიარაღება გადააქვთ.

„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად ქართველი დიპლომატებისთვის ფაქტი უდავო მტკიცებულება გახდება, ვინაიდან საომარი ტექნიკის ადგილმდებარეობა არ უნდა იწვევდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებში ეჭვსა და შეკითხვებს. რამდენიმე საათის შემდეგ სწორედ ეს საომარი ტექნიკა გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს და გაემართება აზერბაიჯანთან მებრძოლი ქვეყნისკენ“, – წერს გამოცემა.

დღეს გავრცელებულ წერილში Haqqin ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთისთვის სერბეთიდან საქართველოში სამხედრო ტვირთი საჰაერო გზით შევიდა.

ასევე, გამოცემის მიხედვით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლის თანახმად, ოფიციალურად, იარაღის შემსყიდველი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა, მიმწოდებელი კი სერბული კომპანია Vectura Trans, რომელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაშია და ვაშინგტონმა მასზე სანქციები დააწესა.

Haqqin ასევე წერს, რომ საჰაერო გზით სერბეთიდან საქართველოში სამხედრო ტვირთი ცნობილმა იარაღით არალეგალურად მოვაჭრემ, სლობოდან ტესიჩმა შემოიტანა. ტესიჩი  ე.წ. მაგნიტსკის სიაშია და მის მიმართაც ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული. გამოცემის მიხედვით, ტესიჩზე რუსი ჟურნალისტების გამოძიების მეშვეობით გავიდნენ, თუმცა მეტ დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ.

„ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავარობამ ნება დართო სომხეთისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობის შეტანას თავის ტერიტორიაზე იმ პირებისგან, რომელთა მიმართ აშშ-ის კონგრესს სანქციები აქვს დაწესებული.

haqqin.az-ის რედაქცია იმედოვნებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს გააკეთებს და ამ ინფორმაციას განმარტავს“, – წერს გამოცემა.


აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Haqqin-მა 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თოვუზის დასაბომბად სომხეთს სერბეთმა ნაღმმტყორცნები საქართველოს დახმარებით გაუგზავნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებული პუბლიკაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და „უამრავ უზუსტობებს შეიცავს“.