ICJ 11-12 იანვარს განიხილავს სამხრეთ აფრიკის სარჩელს ისრაელის მიერ ღაზის შესაძლო გენოციდზე

პუბლიკა

სამხრეთ აფრიკამ ღაზის შესაძლო გენოციდის საქმეზე ისრაელის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს – ICJ-ს მიმართა. ის დროებითი ზომის დაწესებას და ღაზის სექტორში ისრაელის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს.

საქმის განხილვა ჰააგაში 11 და 12 იანვარს გაიმართება, გადაწყვეტილებას კი სასამართლო რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს.

სარჩელის თანახმად, სამხრეთ აფრიკის მოთხოვნაა, დაწესდეს დროებითი ზომა „პალესტინელი ხალხის მიმართ შემდგომი მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის პრევენციის მიზნით, 1948 წლის გენოციდის კონვენციის შესაბამისად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, არ ჩაერთოს გენოციდში”.

საქმის განხილვაში ისრაელიც ჩაერთვება და თავს დაიცავს. ამით ქვეყანა ICJ-ს მიმართ მრავალწლიან ბოიკოტს შეწყვეტს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომა 11 შემთხვევაში მიიღო, რაც მეტია, ვიდრე მანამდე, 50 წლის განმავლობაში გამოტანილი ჯამში 10 დროებითი ზომა.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ისრაელის განცხადებით, მსხვერპლთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და მას დღემდე აგრძელებს.

შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა. მოკლულთა ნახევარზე მეტის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.