საქართველოს სახალხო დამცველი EU-ში განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით პოზიციას სოციალურ ქსელში გამოხატავს.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, მავალდებულებს, მივიღო ყველა ზომა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
შესაბამისად, მინდა შექმნილ ვითარებაზე ჩემი ხედვა დავაფიქსირო, რაც მათ შორის ეყრდნობა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ბოლო თვეების თუ დღეების განმავლობაში მოსმენილის ანალიზს:
1. საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინარული შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე;
2. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია, დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლეთს უჩვენოს ამ იდეის გარშემო სრული ერთსულოვნება!
რას ნიშნავს ეს? განაცხადი ოფიციალურად ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პარტნიორ პარტიებს ევროპის პარლამენტში, ყველას, ვისთანაც ხმა მიუწვდებათ, გაუგზავნონ მესიჯები, რომ ამ იდეის გარშემო ყველა ვართ გაერთიანებულები და რომ ეს არის ის, რაც პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრის უმრავლესობას სურს ქვეყანაში!
3. აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო დახლეჩის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის!
4. ხალხის პროტესტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ განცხადების გაგზავნის საკითხში, ვინაიდან, ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების! ამიტომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში და არ უნდა იქნეს შემოტანილი საკითხები, რაც ხალხის ამ ერთიანობას გახლეჩს!
5. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში.
ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა! შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს!
6. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი სწორად განხორციელდეს! ყველაფერი იქნება კარგად!“, – წერს სახალხო დამცველი.
საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის შეტანას დღეს აპირებს.
NGO-ის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს რეგრესი აქვს ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. მათი თქმით, ხელისუფლებამ ამ რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს. NGO-ები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნაც ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის განხილვას დაიწყებენ.