„ეს არის ძალიან რთული გზის მხოლოდ დასაწყისი“ - NGO-ები EU-ში განაცხადის შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობენ

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებას დღეს აპირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას განაცხადის გაკეთებიდან წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მხარდაჭერას პირდებიან და ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, აქტიურად და პოზიტიურად ჩაერთონ პროცესში.

„ამ ნაბიჯს მივესალმებით, მაგრამ ეს არის გზის დასაწყისი. ეს იქნება რთული გზა და ეს გზა ერთად უნდა გაიაროს ქვეყანამ. ერთად უნდა გაიაროს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა, „ფონდი ღია საზოგადოების“ დირექტორმა.

NGO-ის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს რეგრესი აქვს ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. მათი თქმით, ხელისუფლებამ ამ რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს. NGO-ები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნაც ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის განხილვას დაიწყებენ.

„ეს იქნება გრძელი და რეფორმების გზა“, – ამბობენ ისინი.

მათი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეალური გახდეს, საჭიროა:

  1. საქართველომ კვლავ იკისროს „მიშელის შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების შესრულება;
  2. მთავრობა შეეცადოს, გამოასწოროს უკრაინასთან ურთიერთობა;
  3. შეიქმნას აღმასრულებელ ხელისუფლებაში საგანგებო სტრუქტურა, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხზე იმუშავებს;
  4. საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭოს უფლებამოსილება და გახდეს ქვეყნის წარმომადგენელი ამ პროცესში.

„ყველას გვესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებიდან ევროპისთვის.

დამაზიანებელი იყო პრემიერ-მინისტრის რიტორიკა. ამ რიტორიკის შეცვლა და პრემიერის გვერდზე გადგომა მაინც, შესაძლოა, გაცილებით უკეთესი აღმოჩნდეს უკრაინასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – ამბობს ფონდი ღია საზოგადოების“ დირექტორი.

NGO-ები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ე.წ. ტრიომ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ერთად მიმართონ ევროკავშირს, რომ ევროსტრუქტურა მზად იყოს ჩვენს მისაღებად.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირის ნდობა „მიშელის შეთანხმების“ ანულირებით დააზიანა.

„იმედი გვაქვს, ეს განაცხადი დღეს მართლაც გაიგზავნება. ვაცნობიერებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ურთიერთობაში არ პოზიციონირდა, როგორც სანდო პარტნიორი, მხედველობაში მაქვს „მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი გაუქმება.

სწორედ იმიტომ, რომ ნდობა დაზიანებულია, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენოს ურყევი ნება, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური განაცხადი და რომ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს ამ ხანგრძლივი, შრომატევადი პროცესის გასავლელად“, – ამბობს ხიდაშელი.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დღეიდან შეუდგეს ინტენსიურ მუშაობას და ყოველდღე გამჭვირვალე, ღია და ჩართულობითი პროცესით დავინახოთ, რა კეთდება ამ მიმართულებით“, – აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციები.

რაც შეეხება ხელისუფლების რიტორიკის შეცვლას და განაცხადის გაკეთებაზე მზაობას, ორგანიზაციები ამას ქართველი ხალხის აქტიურობას და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას უკავშირებენ.

„შეიძლება ითქვას, ეს არის მომენტური. ევროპა ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. უკრაინამ უკვე გააკეთა განაცხადი, მოლდოვამ, შესაძლოა, დღესვე გააკეთოს განაცხადი და ეს სწორედ ის მომენტია, როცა ეს სამი ქვეყანა იღებს შესაძლებლობას, უფრო მეტი დაახლოების სურვილი გამოხატოს“, – ამბობს ხუციშვილი.