როგორია ევროკავშირში მიღების პროცედურა და რა ეტაპები აქვს გასავლელი საქართველოს

პუბლიკა

საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს წარადგენს. გთავაზობთ საიას განმარტებას, სტატუსის მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ მომდევნო ეტაპზე უნდა გადადგას:

რა ეტაპზეა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა?

2014 წელს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტი ძალაში 2016 წელს შევიდა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად. 2017 წლიდან, საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ამჟამად, ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ეტაპზეა. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება 2024 წლისთვის იგეგმებოდა.

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?

ქვეყანას, რომელიც ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს წევრად მიღებაზე, შეიძლება მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს პროცედურა არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობის უფლების ავტომატურ მოპოვებას.

როგორია ევროკავშირში მიღების პროცედურა?

კანდიდატის სტატუსის მიღება, სტანდარტულად, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ევროკავშირის ორი ძირითადი ორგანოა ჩართული: ევროპული კომისია, რომელიც შედგება სხვადასხვა პორტფოლიოს მქონე 27 კომისრისგან და ევროპული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელები შედიან. ევროკომისია, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს იკვლევს მიღების (კოპენჰაგენის) კრიტერიუმების ფარგლებში. აფასებს, უნდა მიენიჭოს თუ არა ქვეყანას კანდიდატის წოდება. ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე, ევროპული საბჭო წყვეტს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და იწყებს სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას სრულფასოვან წევრობაზე.

მართალია ამ პროცედურისგან განსხვავებული, დაჩქარებული წესი, ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ერთსულოვან პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაშიც, შემჭიდროვებულ ვადებში, ევროკომისიამ, ევროპულმა საბჭომ და პარლამენტმა უნდა შეაფასონ, რამდენად მზადაა აპლიკანტი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. გადაწყვეტილება კონსენსუსს ემყარება და წევრობის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოს ყველა წევრი, ანუ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, უნდა დაეთანხმოს.

რა არის შემდგომი ეტაპები საქართველოსთვის?

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს ევროკავშირი ამავე პროცედურით, თუმცა, სავარაუდოდ, შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს. ამ შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინამ გააჩინა, რომელმაც 2022 წლის 28 თებერვალს, ანალოგიური განცხადებით მიმართა ევროკავშირს. უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაჩქარებული პროცედურა ევროპარლამენტისგან დაიწყო, რომელმაც სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია მიიღო და მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს ემუშავათ უკრაინისთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მსგავსად, საქართველოს განაცხადს ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს, პროცესს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ევროკომისია გააგრძელებს, რომელიც დაიწყებს ქვეყნის მზაობის შეფასებას კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად. მისი მოსაზრების საფუძველზე, ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 27 წევრი ქვეყნის თანხმობა. ამის შემდეგ, დაიწყება სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე კანდიდატმა სახელმწიფომ ევროკომისიას წარუდგინოს გეგმა და ხედვა წევრობის მზაობასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.