„იძულებული გახდებიან აქედან წავიდნენ“ - ახალციხეში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს ახალციხეში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან აქცია გაიმართა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და „კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივ მხარდამჭერებს შორის.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთს – არა რუსეთს, არა მკვლელს, არა იმ ოკუპანტს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრო, “- ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე „TV პირველთან”.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნდა აეკრძალოს „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური საქმიანობა.

„როცა გავიგე რომ აპირებენ რუსეთში წასვლას და მოლაპარაკებას – გამოჩნდა კითხვა ვისი სახელით მიდიან, ვისი სიტყვით მიდიან? მათ არ აქვთ ქართველი ხალხი ლეგიტიმაცია. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა ასეთ ძალას, “- ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

აქციაზე მობილიზებული იყო პოლიციელები, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ.

„მშვიდობიანად მოვედით ყველა, არანაირი პოლიტიკური კუთვნილებით აქ არ გამოსულა არავინ აქციაზე. დაიწყეს უკვე პოლიციის გამოჩენაზე აგრესია ამ რადიკალმა ძალებმა და დაინახეთ უკვე თქვენც რაც ხდებოდა. იმის პირობას ვაძლევთ ამათ, რომ ესენი დღეს თუ არა ხვალ აქედან იძულებული გახდებიან წავიდნენ, “- ამბობს აქციის მონაწილე ტელეკომპანიასთან.