იძულებულნი გახდნენ, გაესაჯაროებინათ ინფორმაცია, 2 კვირის განმავლობაში მალავდნენ – კობახიძე ISFED-ზე

პუბლიკა

„ბოლოს, ვიდრე გაასაჯაროებდა ISFED ამ მონაცემებს, ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი ელჩებისა და პოლიტიკური პარტიების წინაშე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო არა უხეში შეცდომა, არამედ მანიპულაცია და ამაზე ცოტა მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ პარტიებს და ელჩებს. სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ რამდენიმე დღეში ISFED გახდა იძულებული, გაესაჯაროებინა ინფორმაცია მანიპულაციის შესახებ. მანამდე ისინი 2 კვირის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ძალიან შემაშფოთებელ ინფორმაციას“, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მან პირადად გააკეთა PVT-ის შედეგების მარტივი არითმეტიკული ანალიზი, სადაც ფიქსირდებოდა უხეში ხარვეზი. მისი თქმით, ამ ხარვეზის შესახებ 9 ნოემბერს განაცხადეს, რასაც ISFED-ში მოჰყვა აუდიტი.

„ ელემენარილი არითმეტიკული ანალიზი აჩვენებდა იმას, რომ იყო ხარვეზი, ამის შემდეგ გავუზიარე ეს შალვა პაპუაშვილს, რომელიც ასევე მიუშაობდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ერთად შევჯერდით იმაზე რომ იყო უხეში ხარვეზი.

9 ნოემბერს ვაკეთებთ ჩვენ საჯარო განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ხარვეზი, რის შემდეგაც უკვე დაიწყო აუდიტი ISFED-ში. ამის შემდეგ ჩვენ 17 ნოემბერს ვხვდებით ISFED-ის წარმომადგენლებს, სადაც გავუზიარეთ ყველაფერი და სამწუხაროდ ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო ამ შეხვედრაზე, ასევე უარყოფდა ის ამ ხარვეზს დეკემბერშიც, მაშინ როდესაც გუშინ აღიარა, რომ ნოემბერში იცოდა ამ უხეში ხარვეზის თაობაზე, რაც არის ძალიან მძიმე მოსასმენი და ძალიან სამწუხარო, ასეთი ადამიანები ბუნებრივია დისკრედიტაციას ახორციელებენ არასამთავრობო სექტორის“,- განაცხადა კობახიძემ.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. 

მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობა 1.8%-ია.