სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „იფქლის“ საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაცია თავდაპირველად პლატფორმა Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურეს სააგენტოში.
მათი ცნობით, 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მას შემდეგ, რაც შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა. სეს-მა 5 თებერვალს მოქალაქეს უპასუხა, რომ:
„დაფიქსირდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად. შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე. ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად“.
განახლება:
„პუბლიკა” დაუკავშირდა „შპს იფქლი”-საც.
კომპანიის კორპორაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი გენრიეტა გოცაძე გვეუბნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კომპანიის საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთ ღუმელზე მიიღეს რეკომენდაციები, რომელიც უკვე გამოსწორებულია. თუმცა, გოცაძეს არ დაუკონკრეტებია, რას ეხებოდა რეკომენდაცია.
„იფქლის” წარმომადგენელი ასევე გვეუბნება, რომ განმცხადებელი ამბობდა, რომ პური, რომელშიც უცხო სხეული აღმოაჩინეს, „2 ნაბიჯში” იყიდა, მათი პროდუქცია კი ამ ქსელში საერთოდ არ შედის.
„საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა. გაჩერდა მხოლოდ ერთი ღუმელი. გუშინდელი ვიზიტის დროს შენიშვნა ჰქონდათ ერთ ღუმელთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი ღუმელი გავაჩერეთ. ის, რის გამოც შენიშვნა მოგვცეს, უკვე აღმოფხვრილია. ჩვენს პურში არაფერია აღმოჩენილი, მომხმარებელი ფიზიკურად ვერ იყიდდა ჩვენს პურს „2 ნაბიჯში”. – თქვა გენრიეტა გოცაძემ.
სათაური შეიცვალა და დაზუსტდა განახლების შესაბამისად