იკითხებიან როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე მასწავლებლები და ბავშვები – თოლორაია

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პრობლემები იკვეთება სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებითაც.

„გარემოებები, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები და ბავშვების გარემოსთვის არ არის სასურველი, იკვეთება სკოლაშიც და, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა პოლიციაში“, – ამბობს თოლორაია.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოწმეთა წრე ფართოა და იკითხებიან როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე – სკოლის მასწავლებლები და ბავშვები.

ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.