იკრძალება მშობლის შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში - რეგულაციები ბაღებისთვის

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები სწავლას 1 ოქტომბრიდან განაახლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი ბრიფინგის დასრულებისას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძე განმარტა, თუ რა რეგულაციები იმოქმედებს ბაღებისთვის.

მისი თქმით, იკრძალება მშობლის შესვლა საბავშვო ბაღში.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს, უპირველეს ყოვლისა, იკრძალება მშობლის შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ამ შემთხვევაში ბაღის თანამშრომელმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები. ასევე, გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი, საიზოლაციო ოთახი, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა,“ – ამბობს ბექა ფერაძე.

მისივე განმარტებით, ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ იმოქმედონ აღსაზრდელებთან ურთიერთობისას.

„წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან, ბაღიდან ბავშვის გაყვანის თხოვნით.

განისაზღვრა შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვისას. უნდა შედგეს გრაფიკი, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული თითოეულ ჯგუფში. იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან, ასევე აკრძალულია ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულია“, – განმარტავს ფერაზე.

მისივე თქმით, უფრო დეტალური პროტოკოლი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.