იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის მიერ მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა მცდელობა - ომბუდსმენი ლუკა სირაძის საქმეზე

პუბლიკა

„ჩვენც ვსწავლობთ ამ საქმის მასალებს და ნამდვილად ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს, რომელსაც დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში”, – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა როგორი იყო შიდა ინსპექციის რეაგირება შსს-ში, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარე იციან, ბავშვის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან, არამედ სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც.

„ასევე, ვფიქრობთ, შესაძლებელია ამ საქმეში ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევასაც, რადგან არის გარკვეული ეპიზოდები, როდესაც შეცვლილია ჩვენებები.

ასევე, ვფიქრობთ, საქმის მასალებში იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ამ მიმართულებით იყო გამოძიების მისამართით, რომ ეს ვერსია და ბრალის წარდგენის შესაძლებლობა განეხილათ.

ვფიქრობ, პირველი ინსტანციის განაჩენი ბევრ რამეს გასცემა პასუხს, მათ შორის ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით ვნახავთ, სასამართლო გაიზიარებს თუ არა ამ არგუმენტებს და დაადგენს თუ არა, რომ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ამიტომ, ერთი მხრივ, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მეორე მხრივ, ვფიქრობთ, არის სხვა პირების მხრიდან გადაცდომები თუ სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით კვალიფიკაცია დადგენილი არ არის”, – განაცხადა ლომჯარიამ.

რატომ არ არიან სხვა პირები ამ საქმეზე ბრალდებული, ამის შესახებ გუშინ tv „ფორმულას“ ეთერში ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, რევაზ აჭარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ერთმა პირმა, რომელიც ასევე მიუთითებდა სხვა პოლიციელის მართლდაწინააღმდეგო ქმედებაზე, შემდგომ ჩვენება გადათქვა.

„რა თქმა უნდა, ოჯახს და საზოგადოებას უნდა, რომ ამ საქმეზე სხვა პირებიც დაისაჯონ, ვინც კი რამე დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, რაც კი მტკიცებულებებია საქმეზე, მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის ქმედებაზე მიუთითებს. რაც შეეხება სხვა პირებს, ვის მიმართაც შეიძლებოდა, რომ დამდგარიყო მსგავსი შედეგი, სამწუხაროდ, ისე წარიმართა საქმის გამოძიება და ისე დალაგდა გარკვეული ჩვენებები, განსაკუთრებით ერთი პირის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა კიდე სხვა პოლიციელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, შემდგომ მან ჩვენება გადათქვა“, – განაცხადა აჭარაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ეს ჩვენება, რომელიც შეიცვალა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩოლოიანი არ იყო ერთადერთი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ამის შესახებ სულხან სალაძემ ასევე ტვ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.


არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. 15 წლის მოზარდმა თავი 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ მოიკლა.