ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით ხურვალეთის ოკუპირებ ნაწილში მცხოვრები ვალია ვანიშვილი დაჯილდოვდა

პუბლიკა

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწიური ჯილდოს გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით (რომელის შემადგენლობაში არიან – ლია სტურუა /პოეტი/, ივანე ამირხანაშვილ /ლიტერატორი, კრიტიკოსი/, ბეჟან ჯავახია /ისტორიკოსი, ილიაუნის პროფესორი/, ბარათერ არაბული /პოეტი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედიამენეჯერი/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი/, გიორგი სავანელი /რეჟისორი, დრამატურგი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, მწერალი/, დეკანოზი, კაპელანი გიორგი წეროძე), ხმათა უმრავლესობით შეირჩა ჯილდოს მეშვიდე ლაურეატი და „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკურებული ღვაწლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ ეთერ (ვალია) ვანიშვილს – ვალია ბებოს გადაეცა. 

ეთერ ვანიშვილი – ვალია ბებო, მისი აწ გარდაცლილი მეუღლის დათა პაპას მსგავსად, ანტისაოკუპაციო ცნობიერების და ოკუპანტისადმი უშიშარობის სიმბოლოდაა ქცეული. 2013 წელს რაც რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა მისი ეზო და სახლი მავთულხლართებით გაჰყო. მათ კი, მიიღეს გადაწყვეტილება არ დაეთმოთ მშობლიური მიწა და დარჩნენ არაოფიციალურ საზღვარს გადაღმა, პრაქტიკულად იზოლირებულნი საკუთარი სოფლისა და ქვეყნისაგან. მეუღლის ანდერძის მიხედვით არც დაქვრივებული ვალია ბებო ტოვებს რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებულ მიწას და სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს საოკუპაციო საზღვრის გადაღმა, ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით.  

ფონდის წარმომადგენლები როგორც აცხადებენ სწორედ ვალია ბებოს ეს არჩევანი და ჟესტი, მისი სამოქალაქო თავდადება და გმირობაც კი, ასევე ის ფაქტორი რომ მისი ეს ქმედება საზოგადოების ანტისაოკუპაციო ცნობიერების ამაღლებისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია და საჭირო იყო ამ ღვაწლის აღნიშვნა, გადაწყდა მიენიჭებინათ ეს ჯილდო. 

დაჯილდოების ცერემონია სოფელ ხურვალეთის ცენტრში საინფორმაციო ფორმატში გაიმართა, რადგან საოკუპაციო ხაზის სოფლებში არსებული მდგომარეობის გამო ჭარბი რაოდენობით მოქალაქეების შეშვება იკრძალება. ხოლო უშუალოდ ჯილდოს გადასაცემად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზატორებს არ მისცა ვალია ბებოს ეზოში, თუნდაც საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამ ღონისძიების განხორციელების უფლება. ფონდში აცხადებენ, რომ „გაუგებარია ამ უფლების შეზღუდვის მიზეზი, მით უფრო რომ რიგით მოქალაქეებს ხშირად აძლევენ უფლებას მივიდნენ ქალბატონ ვალიასთან, მოინახულონ და დაეხმარონ. ჩვენ ყველა პროცედურის დაცვით ოფიციალურად, წერილობით ვითხოვეთ იქ დაჯილდოების ღონისძიების ჩატარება, თან შეზღუდულ ფორმატში, დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობით, წერილს დავურთეთ დამსრეთა და მონაწილეთა სია და მონაცემები (მოთხოვნისამებრ); მეტიც, თანხმობა განვაცხადეთ ღონისძიებისას მიკროფონის გამოყენებაზეც კი უარი გვეთქვა, მაგრამ არ მოგვცეს უფლება. თუმცა, გვესმის ეს რა ტენდენციის ნაწილია, მოხუც ადამიანთან დახმარებისათვის მისვლა ერთია, ხოლო ამ ადამიანის გმირობის დაფასება, მთავარი ქართველის სახელობის ჯილდოთი აღნიშვნა და ამის გაჟღერება, ვფიქრობთ ამ უსუსური და უშედეგო ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილია. ამ დაჯილდოების მეტი საჯაროობა ანტირუსული, ანტისაოკუპაციო მესიჯი იქნებოდა, ალბათ არ აწყობდათ, სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ.“ 

ლაურეატისათვის პრემიის გადასაცემად, რაც მოიცავდა ილია ჭავჭავაძის ბრინჯაოს სკულპტურას, სიგელსა და მატერიალურ დანამატს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიეცა უფლება, მავთულხლართებამდე მისვლის და ვალია ვანიშვილისათვის ამ ინვესტიტურის გადაწოდების. 

„მეტირება, რომ გხედავთ… მეტირება. ეს რა მომიტანეთ, როგორ გამახარეთ. ილია ჭავჭავაძე… ამას შემოვევლე. ამას როგორ ვიფიქრებდი მე მექნებოდა ეს ჯილდო. ეს ჩემიც არის და ჩემი დათასიც (დათა პაპა, მისი მეუღლე), მაგარი ბიჭი იყო. მაგან მითხრა აქედან არსად წახვიდეო. არც მივდივარ. თქვენ გენაცვალეთ… რა ვთქვა… მადლობელი ვარ, მერიდება თქვენი. ამას აი იქ დავდებ (ჯილდოზე ამბობს და სახლისკენ იშვერს ხელს), ჩემთან იქნება… თქვენ შემოგევლეთ, არ ვიცი რა გითხრათ“. – ასე შეხვდა ვალია ბებო ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის მიღებას.

ფონდის სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმა საოკუპაციო ხაზიდან დაბრუნების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთეს. 

ბეჟან ჯავახია /ისტორიკოსი/ – „სამწუხაროა და არასახელწმიფოებრივიც რომ ამ ადამიანს ასე, ზეიმის გარეშე ვაჯილდოვებთ. ეს უნდა ყოფილიყო ოკუპაციის დაგმობის გამოხატულება , მაგრამ ხომ ხედავთ ყველა დამსწრეც არ მოუშვეს. ქალბატონი ვალიას დაჯილდოებით ვფიქრობთ მნიშვნელოვანი გზავნილია გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ის მეტსაც იმსახურებს.“

ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/ – „ქალბატონ ვალიასთვის ამ პრემიის მინიჭებით, ვფიქრობ, ჩვენ რაღაცნაირად, მცირედით მაინც ვალი მოვიხადეთ მისი და მისი ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე. თუმცა, ჩვენ ვალდებული ვართ მუდამ გვახსოვდეს ის, კიდევ ჩამოვიდეთ თუ შევძლებთ, მასზე ბევრი ვისაუბროთ, ის ამას იმსახურებს. ღვაწლია თავისთავად, რომ ის აქ ცხოვრობს და არ ტოვებს თავის სახლს, ეს მისი მაქსიმუმია და ის ამას აკეთებს. ამ პრემიის ცხოვრებაშიც კიდევ ახალი ფერი შემოვიდა ქალბატონ ვალიას დაჯილდოებით.“

ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი/ – „მისი აქ ცხოვრებით ვალია ბებო ყოველდღე გვახსენებს რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს ნამდვილად დიდი ღვაწლია. ეს ყველას არ შეუძლია, მით უფრო დღეს. მიხარია რომ საბჭოს უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.“ 

გიორგი სავანელი /რეჟისორი, დრამატურგი/ – „მისი მეუღლის დაკრძალვაზე ჩაიბუტბუტა ქალბატონმა ვალიამ „არ წავალ აქედან, ფესვი ვიქნებიო“. რომ მოვისმინე ისე ჩამრჩა, ისე იმოქმედა… რა სული უნდა გქონდეს ასე რომ იფიქრო და მერე ასე თქვა, თან განა საჯაროდ, თავისთვის გლოვის დროს. არ დამავიწყდება, მას მერეც მახსენდებოდა ეს ფრაზა… თავისი ამ ღირსეული, ანტირუსული და რთული არჩევანის გამო, რომ არ თმობს ერთ ნამცეც ქართულ ტერიტორიას… მგონი უნდა დავაფასოთ. ყველა შევძლებთ ამას? მავანი იტყვის, ან იფიქრებს მაინც, ქალბატონი ვალია არ არის კლასიკური გაგებით მოღვაწე, რომ ეს პრემია მინიჭებოდა. მაგრამ სამოქალაქო თავდადება და ეს ძალდაუტანებელი გმირობა – ხაზს ვუსვამ, განა ღვაწლი არ არის? და ალბათ დღეს, ტოტალური პრორუსული იერიშების და კრემლის რბილი ძალის მოქმედების ფონზე, ალბათ ყველაზე დიდი ღვაწლიც კი. ის, თავისი არსებობით, შეიძლება უფრო მეტად ახდენს ანტისაოკუპაციო აზროვნების წახალისებას, ვინემ სხვა ადამიანი ამ თემაზე პერმანენტული საუბრით. “

ღონისძიება ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში გაიმართა.