„წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის“, – ნათქვამია პაპ ლეო XIV-სადმი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მისალოც წერილში.
„გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც.
ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის.
როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს.
მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები“,- ნათქვამია წერილში.
დღეს ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
ვატიკანში პაპის ინაუგურაცის ცერემონიაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, რომს ეწვია, რათა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახლად არჩეული პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწროს.
მედიის ცნობით, ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაცია იღებს მონაწილეობას. ცერემონიას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.
69 წლის კარდინალი პრევოსტი კონკლავმა პაპად 8 მაისს აირჩია.