ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ „პრინციპულად არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის ერთ წელში მონიტორინგის პირობით მინიჭებაზე და მას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების პირობით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელა, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ყველა სტანდარტის შესაბამისად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
მათთვის გაუგებარია, რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაატაროს ხარისხის ცენტრმა ერთი წლის თავზე მონიტორინგი.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გუშინ Zoom-ის საშუალებით გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.
ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს”. – განაცხადა ილიას უნივესიტეტმა.