ილიაუნის რექტორი ხასაიასა და ჩიქობავას მხარდასაჭერად სააპელაციოს მიმართავს

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილით მიმართავს.

ილიაუნის რექტორი წერილში აღნიშნავს, რომ ხასაიასა და ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის.

დობორჯგინიძე სასამართლოს სთხოვს, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ის ასევე გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. გთავაზობთ წერილს სრულად:

2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურისას დაკავებულ აქტივისტთა შორის არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, გიორგი ხასაია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და აკაკი ჩიქობავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ორივე მათგანს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა უწყვეტად ყოფნა თავიანთ სფეროში, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი სამეცნიერო კარიერის, ისე შესაბამისი დარგების განვითარებისთვის საქართველოში.

გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრია. იგი არის ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. გიორგი ხასაია აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო. მისი საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან მოიპოვა სპეციალური საგრანტო დაფინანსება გერმანიაში საველე კვლევის ჩასატარებლად, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაში ჩართული აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის გიორგის უშუალო ხელმძღვანელი, გერმანელი მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, გიორგის ახასიათებენ როგორც დარგის განვითარებისთვის იმედისმომცემ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერს, მკვლევარს, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და აკადემიური კეთილსინდისიერების გამორჩეული უნარით. გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში ემზადებოდა თავისი დისერტაციის ერთ-ერთი პრობლემატიკის სამეცნიერო კოლოკვიუმზე წარსადგენად.

ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები. საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

რექტორი

ნინო დობორჯგინიძე