ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექიმი ზურაბ ჩხაიძე ეხმაურება გუშინ, 3 მაისს სააკაშვილის მიერ გავრცელებულ facebook-პოსტს და ამბობს, რომ მედპერსონალისა და თავად სააკაშვილის გადმოცემით, ადგილი ჰქონდა არა გონების კარგვას, არამედ წონასწორობის დარღვევას. მისივე თქმით, სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა არ დგას.
„იმ სივრცეში, სადაც პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მით უმეტეს მაგიდა. საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა.
კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები აქვს. არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთგზის საუბრისა და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება, მაინც მოაქვთ იმავე კალორაჟის საკვები”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე „TV იმედთან”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედშია“, გუშინ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 3 მაისს კლინიკაში გონება დაკარგა და „ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს“, ვინაიდან რკინის მაგიდას დაარტყა თავი.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ოპოზიციის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის პატიმრობიდან უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნის მიზნით გათავისუფლებას მოითხოვს. სააკაშვილის ადვოკატებმა კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნეს.