იმედი გვაქვს, შეზღუდვების გარეშე შევძლებთ, დავძლიოთ ინფექციის მომატებული რაოდენობა | ტიკარაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, თამარ გაბუნია, ამირან გამყრელიძე და ჩინეთის ელჩი საქართველოში, ლი იენი ბრიფინგს მართავენ.

ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით ეკა ტიკარაძეს კითხვები დაუსვეს.

შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვები, ტიკარაძემ უპასუხა, რომ მთავრობისთვის ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. გააქტიურებულია შრომით ინსპექციის მუშაობა და მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა რეგულაციების აღსრულებაში.

„ამ ეტაპზე გვაქვს რესურსი, რომ ლოკალურად, ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვაზე, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, 15 აპრილიდან დიდ ქალაქებში შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს, უპასუხა, რომ ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებზე არ უმსჯელია.

„თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ეპიდკვლევები მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ინფექციის მომატებული რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შეიმჩნევა. დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა, რა იქნება სააღდგომოდ. აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება და აღდგომამდე ერთი კვირით ადრე გვექნება, ინფორმაცია რა იქნება გეგმა.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.