იმედი მაქვს, გამოვალ. მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი, არსებობს სტრასბურგი - გვარამია

პუბლიკა

„იმედი მაქვს, გამოვალ, იმიტომ, რომ მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი, არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო”, – ამის შესახებ „მთავარი არხის” დამფუძენებლმა, მსჯავრდებულმა ნიკა გვარამიამ სასამართლოში განაცხადა. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „რუსთავი 2-ის” საქმეზე გვარამიას საბოლოო სიტყვა მოისმინა.

„რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე, ეს მაქვს. იმედი მაქვს, გამოვალ, იმიტომ, რომ მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი, არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო; არც მხოლოდ იმათ ტვინებში, ვინც აქ ყოველდღე მისჯის და შესაძლოა იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩხიკვაძემ გააკეთა, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი აღარ არის, საბედნიეროდ.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მომავალი მოვიდა, კართან მოგვადგა და უნდა მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. რამდენიმე ნაბიჯია სულ, არაგადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. არ დაყაროთ ფარ-ხმალი და არ ჩამოყაროთ ხელები“, – განაცხადა გვარამიამ.

„მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე”, – ამ ლოზუნგით და ფოტოზე გამოსახული ჟესტით მიმართა მან საზოგადოებას.

„✌️ – ასე მივმართავდი ხოლმე საზოგადოებას და მივხვდი, არ მაკმაყოფილებდა ეს ჟესტი, გამარჯვებაც არ არის სტატიკური. უნდა გაჩვენოთ მოძრაობის ვექტორი, მიმართულება და მე მინდა, მოძრაობის მიმართულება გაჩვენოთ „მხოლოდ წინ – ეს ისარი არის ჩვენი მოძრაობის ვექტორი და მიმართულება. მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე”, – აღნიშნა გვარამიამ.

მან საბოლოო სიტყვის დასაწყისში აღნიშნა, რომ იხდის სასჯელს, რომელიც მას არ ეკუთვნის და ეს მას აძლიერებს.

„მთავარი ჩემთვის არის ის, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი – ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიით, ჩემთან შემოსული ადამიანებისგანაც, ზოგჯერ მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ მოდიან ჩემს სანახავად, როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ – უძლებ, როგორ კარგად უძლებ და ზიხარ. არ მეგონა რომ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი ჩემზე. მიკვირს რომ ასე ფიქრობენ, იმიტომ, რომ როგორ უნდა იყოს სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. მე კი არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, რომელიც მე არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, სხვათა შორის, იმის გაცნობიერება, რომ მე ეს არ მეკუთვნის.

ის, რომ მე ამას ვუძლებ, როგორც მეუბნებიან, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არა მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვისი თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა. სამწუხაროდ, ამ თვეებში მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს. ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია. როგორც ადამიანი შეიძლება იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, უბრალოდ სხვანაირად”, – განაცხადა გვარამიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile