იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს რეფორმებზე ძალისხმევას და დაიცავს სტანდარტებს - სტოლტენბერგი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ახლო პარტნიორია და ალიანსი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. ამასთან, მისი თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოც გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების კუთხით.

„ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. კერძოდ, ვისაუბრეთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტზე.

მე მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ NATO-ს მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედიგჰქონდეთ.

თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დაიცავს დემოკრატიის სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას. ის შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO გააგრძელებს პარტნიორობას ამ თქვენი მისწრაფებების შესრულების გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. მან ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომზეც და თქვა, რომ რუსული აგრესია „შხამიანი ტენდენციაა“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

„გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს შხამიან ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს.

უკრაინა თავს იცავს გაეროს წესდების თანახმად და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მზადაა, უფრო გააღრმავოს დიალოგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

„მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას.

გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ 12 პრიორიტეტის მუშაობაზე , რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ნატო და საქართველო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა NATO-სთან ყველა განზომილებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.