იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე - ჰერჩინსკი

პუბლიკა

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

„12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და მათ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე.

12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის შესასრულებლად“, – განაცხადა ელჩმა.