იმედი მაქვს, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება – კარასინი

პუბლიკა

„იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება [გათავისუფლება]“ – ასე უპასუხა რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეიქმნა ყველა მექანიზმი მსგავსი ინციდენტების აღმოსაფხვრელად და ასეთი პრობლემები არ უნდა იქცეს საერთაშორისო სკანდალად.

„იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, ხოლო – როდის, ამ კითხვას ჩვენი მისამართით არ უნდა სვამდეთ. საქმე ისა არის, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეიქმნა ყველა მექანიზმი ინციდენტების აღმოსაფხვრელად. ცხელი ხაზი, პერიოდული ვიზიტები, პერიოდული ვიზიტი რეგიონში, თბილისში, ცხინვალში. სწორედ ეს მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ გადავწყვიტოთ მსგავსი პრობლემები და არ ვაქციოთ ის საერთაშორისო სკანდალად“, – ამბობს კარასინი.

პრაღაში დღეს ზურაბ აბაშიძისა და  გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება. კარასინმა ჟურნლისტებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული ურთიერთობა  მოგვარდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობა გამოყვანა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის შევიდა ამა წლის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ. ამ ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაძაბულია“, – თქვა კარასინმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შევიდა ჩიხში, დემონსტრაციებისა და ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

„მე ვგულისხმობ არა [გავრილოვის] ვიზიტს, არამედ იმ არეულობას, რაც მოჰყვა ამ ვიზიტს. ზოგიერთი ტელეწამყვანის განცხადებები,  პირდაპირ ეთერში და ის ატმოსფერო, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო და უშუალოდ საფრთხეს უქმნიდა რუს მოქალაქეებს. თქვენ იცით, რაც მოჰყვა ამას, შეწყდა ავიამიმოსვლა. გარდა ამისა, ჩვენ ვილაპარაკებთ საქმის ტექნიკურ მხარეებზე, ტრასპორტზე, ჰუანიტარულ ურთიერთობებზე, რომელიც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს“, – თქვა კარასინმა.

________

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეცხრამეტე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.

საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.