იმედია, არ თვლით, საქართველოში რომ უმცირესობები ჰაერს სუნთქავენ, ესეც თქვენი ტოლერანტობის გამოხატულებაა - ნაკაიძე

პუბლიკა

„თუ ვერ ერკვევით, კარგად ჩაიხედეთ, რა არის ტოლერანტობა, რა არის ადამიანის უფლებები და რა არის ტოლერანტულ გარემოში ცხოვრება“, – ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დროს ტოლერანტობასა და ამა თუ იმ რელიგიის უპირატესობასთან დაკავშირებით კოლეგა დეპუტატების დამოკიდებულებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარლამენტში ტრიბუნიდან დეპუტატები ხშირად ტოლერანტობის თავისებურ ახსნას ავრცელებენ ხოლმე. როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, მაგალითად, პოლიტიკოსები მეჩეთში როცა მიდიან, მათ იქაური სასულიერო პირები სტუმართმოყვარედ ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ „არ აშენებინებენ მეჩეთს”, „სახელმწიფო რესურსებით უხერხავენ მინარეთებს”, „სომეხ თანამოქალაქეებს ართმევენ ეკლესიებს”.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგებლები პირისპირ შეხვედრისას არ გამოხატავენ პროტესტს, ითმენენ და არ აქვს საწინააღმდეგო რეაქცია, ითვლება, რომ „ტოლერანტული გარემოა“.

„იმედია არ თვლით, საქართველოში უმცირესობები რომ საქართველოს ჰაერს სუნთქავენ, ესეც თქვენი ტოლერანტობის გამოხატულება და საფუძველია“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მისი თქმით, თუ ისინი აშენებენ სეკულარულ, დემოკრატიულ საქართველოს, მაშინ ვერცერთი რელიგია ვერ იქნება უპირატესი ისტორიული წარსულის გამო.

„ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ, დემოკრატიულ საქართველოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ვერცერთ რელიგიას, ვერც ქრისტიანობას, ვერც ისლამს, ვერც იუდაიზმს ვერ ექნება უპირატესობა თავისი ისტორიული წარსულის გამო…

მინდა შეგახსენოთ, თუ ვერ ერკვევით, კარგად ჩაიხედოთ, რა არის ტოლერანტობა, დაგუგლოთ და შესაბამისად აღიქვათ უმცირესობების დამოკიდებულებები და არ შეხედოთ მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან, თუ რა არის ადამიანის უფლებები და რა არის ტოლერანტულ გარემოში ცხოვრება“, – თქვა მან.