„იმედია, გამბედაობა ეყოფა” — გახარიას ივანიშვილთან დებატები სურს

პუბლიკა

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მზადაა ივანიშვილთან დებატებისთვის.

გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილს სთავაზობს დებატებს თუნდაც იმ სასამართლოში, რომელსაც, მისივე თქმით, ივანიშვილი მართავს, ასევე – იმ მედიაპლატფორმებზე, რომლებიც, გახარიას განცხადებით, კონტროლდება ივანიშვილის მიერ.

გახარიას თქმით, იმ „ბრალდებების შემდეგ, რომელიც ივანიშვილმა ბოლო გამოსვლისას გააჟღერა, ხალხს ბევრი რამ აინტერესებს”.

„მსგავსი ბრალდებების შემდეგ ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ვალდებულია, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში. სამართლებრივად? მისსავე სასამართლოში, პოლიტიკურად? მისივე მედიაპლატფორმებზე, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრეების პირობებში, რადგან სამართლებრივად, პოლიტიკურად 100 პროცენტით მართალი ვარ და ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების. ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც. იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება“. – თქვა გახარიამ.

როგორც გიორგი გახარია ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო გამოსვლაში აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა და აღიარა, რომ ქვეყანაში კორუფციაა.

,,ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ბევრი რამ აღიარა, აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იყო, ის პასაჟი, როცა თქვა, 2-3 ადამიანთან გავდიოდი კონსულტაციასო. მე ხომ ვიცი, როგორ ხდება და როგორ მუშაობს. აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არ არიან და მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება და, იმედი მაქვს, ქვეყანასაც ვერ დატოვებს.

აღიარა კორუფცია და ის, რომ ქვეყანაში კორუფციული რისკებია. სხვა არცერთი სიტყვა სიმართლე არ უთქვამს, ვერ თქვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი პრემიერობის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები „ყველაზე კარგად იცოდა”.

გახარია 2021 წლის 18 თებევრვალს გადადგა. მიიჩნევდა რა, რომ იმ პერიოდში ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობას შეიძლებოდა ქვეყანაში პილიტიკური ესკალაცია გამოეწვია, შეექმნა რისკი მოქალქეების სიცოცხლისთვის, რაც მისთვის იყო მიუღებელი, გახარიამ გადადგომისას თქვა, რომ გუნდთან  მელიას საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

გიორგი გახარია პრემიერად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.  პრემიერობის კანდიდატად ის პარლამენტს „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. პრემიერად დანიშვნას წინ უძღოდა „გავრილოვის ღამე“ და სამთვიანი უწყვეტი აქციები მისი შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით.