იმედია, რუსეთი მალე დამარცხდება და დათმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც - დუდა

პუბლიკა

პოლონეთში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ანჯეი დუდამ ზურაბიშვილს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სურს პატივისცემა გამოხატოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რადგან მან რუსული აგრესიის შესახებ არაერთხელ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დათმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობს უკრაინისთვის დახმარების საკითხში, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რადგან ახლა აუცილებელია, უკრაინამ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ არის დიდი თავდასხმები უკრაინაზე. არის დაბომბვის ფაქტები უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ხედავთ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი.

ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დათმობს ამ ტერიტორიებს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ანჯეი დუდას თქმით, პოლონელები დიდ პატივს სცემენ საქართველოს, რომელიც იცავდა თავის ტერიტორიას 2008 წელს.

„გვახსოვს, თუ როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა მაშინ, როცა საქართველოში ჩავიდა და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. მან თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაში.

პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო“, – თქვა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევტოატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ასევე, შევა NATO-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია.

ევროკავშირსა და NATO-ში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს, რათა ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.