იმედია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა - პლენკოვიჩი

პუბლიკა

„საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა, “- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ – მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს ქალაქ ზაგრებში ოფიციალურად საქართველოს საელჩო იხსნება და ამასთან დაკაშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში იმყოფება.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის.

„ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას.

გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. მე მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს.

იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა”,- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.