იმედია, წარმოადგენთ მტკიცებულებებს, თუ არადა სანქციებს სასამართლოზე ზეწოლად აღვიქვამთ - დარჩიაშვილი ბლინკენს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს და 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის სანქცირების გამო აშშ-ს აკრიტიკებს.

დარჩიაშვილის განცხადებით, ის მოელის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ამას დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად მიიჩნევს.

„სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი თავის მიმართვაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი წერილში მიუთითებს, რომ, მისი შეფასებით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარდა რეფორმები და სასამართლო გახდა დამოუკიდებელი.

დარჩიაშვილი წერს, რომ 2012 წლამდე სასამართლო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი და გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე. ასევე ციხეებში, სადაც პატიმართა რაოდენობამ 25 000-ს მიაღწია, აწამებდნენ მსჯავრდებულებს.

„ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 10-ჯერ შემცირდა.

გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.“, − წერს დარჩიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგის სასამართლოსთვის საქართველოს მოქალაქეების მიმართვის სტატისტიკაზეც საუბრობს და წერს, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა.

„2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია“, − წერს დარჩიაშვილი.

ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს.

ამის მაგალითად კი დარჩიაშვილს, „რუსთავი 2-ის“ საქმე მოჰყავს.  მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან.

„გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობასა და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება, როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს“, − ნათქვამია დარჩიაშვილის წერილში.


სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.