იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს, ზოგადად - ედუარდ სააკაშვილი

პუბლიკა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოჯახის წევრებმა მოინახულეს.

შეხვედრიდან გამოსულმა ედუარდ სააკაშვილმა მედიას განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგია და მას აქვს სურვილი, დაესწროს 2 დეკემბრის სასამართლო პროცესს.

„იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობა ექნება. სხვა პოლიტიკაზე არ გვისაუბრია, მოვინახულეთ მე და გიულიმ [ალასანია, სააკაშვილის დედა], სასიამოვნო შეხვედრა იყო. იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს, ზოგადად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ხვალ, 11 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).

სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.