მდინარაძე: კანონების დაინიციირების შემდეგ, უფრო მეტად იქნება ჩვენი რეიტინგი გაზრდილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „GORBI”-ს მიერ სამთავრობო არხის, „იმედის” დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევა კანონპროექტების დაინიციირებამდე ჩატარდა და დარწმუნებულია, რომ  „დამოუკიდებლობის ხარისხის და გამჭვირვალობის, „ლგბტ“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილი გვექნება”.

მისივე თქმით, სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ამბობს „ქართული ოცნება“, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ.

„გორბის” კვლევამ შოკში და ისეთ ისტერიაში ჩააგდო გუშინ და დღეს ჩვენი ოპონენტები, რომ არ ვიცი. მაგრამ მათ ისტერიას კიდევ ერთი ამბავი მინდა შევმატო, რომ „გორბის“ კვლევა არის ჩატარებული იქამდე, სანამ ამ ბოლო კანონებს დავაინიციირებდით, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებასაც. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლობის ხარისხის და გამჭვირვალობის, „ლგბტ“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილი გვექნება. არცერთი მათგანი, თუ დროში არ ვცდები, დაინიციირებული არ იყო.

შესაბამისად, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეიტინგი დღეს უფრო გაზრდილი იქნება. როდესაც საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ მისი ხელისუფლება იცავს მის ინტერესს, მის ეროვნულ თავმოყვარეობას, გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, მას ბუნებრივია, უჩნდება მეტი სითამამე და ჟინი, რომ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს. ამიტომ, შეიძლება სუბიექტურიც ვარ ამ შეფასებაში, მაგრამ ამ კანონების დაინიციირების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი რეიტინგი გაზრდილი.

სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. პლუს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახლა მხარს თუ არ დაგვიჭერენ, ყველა შემთხვევაში მივიღებთ. მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ პასუხს რომ ვერ გვცემენ ჩვენი ოპონენტები, ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ყველა შემთხვევაში ჩვენ მას საკონსტიტუციო უმრავლესობით მივიღებთ შემდეგ პარლამენტში, თუ ახლა არა და თუ ისინი ბოლომდე პროპაგანდის მხარეს დადგებიან, არ დადგებიან ოჯახური ღირებულებების, არ დადგებიან ჩვენი მომავალი თაობების, არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მხარეს, ჩვენ ამას მომავალ პარლამენტში მაინც გავაკეთებთ. ეს იქნება კიდევ ერთ-ერთი სტიმული ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომ 60-ზე მეტი პროცენტი გვქონდეს რეიტინგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე, „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”, შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება” – 60.4%;
  • „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი” – 12.6%;
  • „ლელო” – 4.7%;
  • „ევროპული საქართველო” – 4.5%;
  • „საქართველოსთვის” – 3.7%;
  • „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა” – 3%;
  • „ახალი” – 1.6%;
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 1,4%;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 0.9%;
  • „მოქალაქეები” – 0.6%;
  • „ლეიბორისტული პარტია” – 0.6%;
  • სხვა და არა-ალოცირებული – 6%.