იმერეთის რწმუნებული უარყოფს, რომ გოლეთიანი სამსახურიდან მისი მითითებით გაუშვეს

პუბლიკა

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე უარყოფს, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის ბრალდებას, რომ ის ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან შალამბერიძის დირექტივით გაუშვეს.

როგორც რწმუნებული „პუბლიკასთან“ აცხადებს, სახელმწიფო რწმუნებული არ ერევა საკადრო პოლიტიკაში. მისი განმარტებით, ააიპ-ებში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და თვითმართველობების გადასაწყვეტია, ვის გაუშვებენ სამსახურიდან და ვის დატოვებენ.

„ზღაპარია ეს ყველაფერი, რწმუნებულები არ ერევიან საკადრო პოლიტიკაში. არ ვიცი, რას ამბობს ვარლამ გოლეთიანი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. არ ვიცი, საიდან, რა, როგორ… მაგრამ ფაქტი არის სხვა – ახლა მიდის რეორგანიზაცია ააიპ-ებში, შესაბამისად ვის უშვებენ, ვის არ უშვებენ – ეს არის აბსოლუტურად თვითმმართველობების პრეროგატივა“, – თქვა ზვიად შალამბერიძემ, რომელიც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულია.

„პუბლიკა“ ცდილობდა, დაჰკავშირებოდა ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, ვაჟა ჯუღელს, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ჯუღელი ბოლო დღეებში სხვა მედია საშუალებებთანაც არ გამოჩენილა.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაუშვეს. ის ამ სკოლაში 2 წელია, გალობის ისტორიას ასწავლიდა და როგორც „პუბლიკასთან” ამბობს, სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

გოლეთიანის თქმით, არაფორმალურ საუბრებში ამ გადაწყვეტილების მიზეზად ნამახვანჰესთან დაკავშირებით მის პროტესტს ასახელებენ. ის ასევე აღნიშნავს, რომ არაფორმალურ საუბრებში აღნიშნეს ისიც, რომ „ეს დირექტივა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძისგან მოდის“.

გოლეთიანი ამ მიზნით მის გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევს და აპირებს, მიმართოს ომბუდსმენსაც.

საიას ქუთაისის ოფისის დახმარებით მან შრომით დავაზე სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ასევე აპირებს დისკრიმინაციის დადგენის საკითხზე მიმართოს სახალხო დამცველსაც.

ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. აღნიშნული ააიპ ქუთაისის მერიას ეკუთვნის და მერიის შენობაშია განთავსებული.

LB loan image desktop LB loan image mobile