იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან იჭორაოს, ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს - პრემიერი ვაშაძის განცხადებაზე

პუბლიკა

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ამბობს, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.

გახარიას განმარტებით, თუ მას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში მიიტანოს. „თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე, საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.