იმის თქმა, რომ „ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“ უშინაარსოა - ჯაფარიძე

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმის თქმა, რომ „ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად” უშინაარსოა, რადგან მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ყველა პოლიტიკოსი ღარიბაშვილს ჰგავს.

„ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში; ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული; ყველამ იცის და ხმას არ იღებენ; ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და „ისევ მიშა მოვა-სი“ სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ; ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს; ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი; ყველა ბერას მორჩილია; ყველა ღარიბაშვილია, ამიტომ „ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს“,- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

პარტია „ლელოს“ განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. ამით პარტია ეხმაურება 6 მარტს ტელეკომპანია ტვ პირველის-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც პარტიის შეფასებით შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.