ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია - ლელო

პუბლიკა

ლელოს განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. ამით პარტია ეხმაურება 6 მარტს ტელეკომპანია ტვ პირველის-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც პარტიის შეფასებით შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.

„ლელო” მოითხოვს: 1. სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. 2. გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები. 3. გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა “ლელოსთვის” მიუღებელია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.