იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანია - მაკო გომური

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

აქცია სიტყვით გამოვიდა მაკო გომური, რომელმაც ერთი წლის წინ სპეცრაზმის წევრმა რეზინის ტყვია ესროლა და თვალი დაკარგა. მაკო გომური ამბობს, რომ ერთი წლის თავზე ძალიან უჭირს და რთულია მისთვის იმ დღის გახსენება.

„ძალიან რთულია ამ წუთას აქ დგომა. მეგონა, რომ ძალიან ენერგიულად მოვედი დღეს და ბოლომდე შევძლებდი, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ძალიან რთული ყოფილა ერთი წლის შემდეგ აქ დგომა. მადლობა ყველას, რადგან ეს საშინელი ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე – დარდობდით ჩემზე და გაინტერესებდათ როგორ  ვიყავი. ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან და როგორც 1 წლის უკან ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის, ან იმ შენობისთვის მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი. თუმცა ეს არ იყო როგორც ჩანს საკმარისი, ერთ-ერთი სამართალდამაცვისთვის და მესროლა.

მესროლა და გაჩნდა შეკითხვა –  რატომ? და ეს ის კითხვაა, რაზეც 1 წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე. არადა რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო ჩემი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემს წინ პარლამენტის შენობაში, სადაც ცდილობენ რაღაც ტრიუკებით და რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში. იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისის და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი. კითხვა მაქვს ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით, რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს, რას უშლიდათ იქ ჩვენი მშვიდობიანი  დგომა. კითხვაა უამრავი რაზეც პასუხი არ მაქვს დღემდე. იმედი მაქვს თვქვეთან ერთად ბრძოლით შევძლებ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას, “- ამბობს მაკო გომური.


2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.