იმისთვის, რომ გადავიდეთ დიალოგზე, უნდა შესრულდეს 3 პირობა | გოლეთიანი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგა, თუმცა დღეს არ უსაუბრიათ თავად ჰესის მშენებლობაზე და მათ წამოაყენეს სამი პირობა იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება იყოს შესაძლებელი.

„პოზიტიური ნაწილში ყველაზე კარგი ის არის, რომ ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. რადგან არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, იმისთვის, რომ გაჩნდეს დიალოგის გაგრძელების სივრცე. რას გულისხმობს ეს. სამი პირობაა:

შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც იქაა. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები დაჩვენ დავბრუნდეთ პროტესტის ადგილას ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ იქ.

მათ თქვეს, რომ ახლა არ შეუძლიათ პასუხები გაგვცენ ამ საკითხებზე. შესაბამისად მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული და ამისთვის რამდენიმე დღე არის საჭირო. პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა ამის მიზეზად, რომ საბოლოოდ გაგვცენ პასუხი ამ კითხვებზე.

მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ დიალოგის შემდეგ ეტაპზე ეს სამი პირობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ალაგდეს ბარიკადები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და კარვები უნდა დაბრუნდეს.

ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, საკუთრებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დავაყენებთ პირობებსაც, რომლებზეც ახლა არ გვისაუბრია, რადგან არ შედის მათ კომპეტენციაში. ამიტომ, როცა კონსტრუქციული დიალოგის ნაწილში გადავალთ, ვნახოთ იქ როგორ განვითარდება მოვლენები და რა სამოქმედო გეგმა დაისახება.

რაც შეეხება ვადებს, კონკრეტული ვადა არ ვიცით, მაგრამ საუბარია დღეებზე, რადგან პრემიერის ჯანმრთელობაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ, მისი სამუშაო რეჟიმში დაბრუნების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ პირობებზე, რაც დავაყენეთ და შემდეგ გახდება შესაძლებელი დიალოგი.

პროტესტი გრძელდება ჩვეულებრივ და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა. მზაობა გვაქვს და ხედავს საზოგადოება, რომ ჩვენ კონსტრუქციულად ვარ განწყობილები.

ის, რომ ვსვამთ კითხვებს და ვამბობთ, რომ დათმობილია სახელმწიფო ინტერესი და აქაც დავაყენეთ ეს საკითხი, რომ მიწა არის წითელი ხაზი და არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება რაც არ უნდა მოხდეს ის ფორმა, რითაც გადაცემულია. მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ჯერ ეს სამი პირობა უნდა შესრულდეს“, – თქვა გოლეთიანმა.


ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა გუშინ ქუთაისში გადაინაცვლეს და წუხანდელი ღამე იქ გაათიეს. დღეს დილიდან კი აქციამ ისევ გუმათჰესთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციას რკინის ღობით აქვს ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი.

საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე დეპუტატები, სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოჩა ენუქიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში ჩასვლის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, გოლეთიანის თქმით, მხოლოდ იმ პირობით რომ შეხვედრა იქნებოდა საჯარო და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი არ შედგებოდა, თუკი საჯაროობისთვის, როგორც მინიმუმ, შეხვედრის ვიდეოჩანაწერი არ გაკეთდებოდა, რაზეც მთავრობის წარმომადგენლები დათანხმდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე კი გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღეს საუბარი ვერ შედგებოდა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე და მოლაპარაკება უფრო მეტად დიალოგის ფორმას შეეხებოდა.

„რაც შეეხება დღევანდელ საუბარს, დღევანდელი საუბარი არ იქნება შინაარსობრივი. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

უბრალოდ, საპატრიარქოს მოწოდებაც იყო ის, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგისთვის. ამიტომ ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით, თუ გაგრძელდება დიალოგი, რა ფორმატში და როგორ გაგრძელდეს ეს დიალოგი“, – თქვა შეხვედრის დაწყებამდე გოლეთიანმა.