დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, უარყოფს ინფორმაციას, რომ საპატრიარქოს წვდომა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე.
„ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ეტყობა, ეს იმიტომ იყო ნათქვამი, რომ მატყუარები არ ყოფილიყვნენ. ნამდვილად არა აქვთ წვდომა. წვდომა არის ძალიან კონფიდენციალური. მინდა, გითხრათ, რომ მეც კი არ მაქვს წვდომა. როდესაც მჭირდება, რამე ინფორმაცია, უნდა ვთხოვო ხოლმე იმათ, ვისაც წვდომა აქვთ. რადგან, გვარები და სახელები სადაც ჩანს, დამერწმუნეთ, იმაზე მეც კი არ მაქვს წვდომა. ძალიან ცოტა ადამიანია ჩვენთანაც კი, ვისაც ამ ბაზებთან აქვს დაშვება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე.
19 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ საპატრიარქოს რეზიდენციაში შესვლამდე გაიარეს განსაკუთრებული კონტროლი, კერძოდ, შემოწმდა, ჰქონდათ თუ არა მათ გადატანილი კორონავირუსი.
ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა პრესკონფერენციას, წერს, რომ ბრიფინგზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ჟურნალისტები დაუშვეს. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ პროდიუსერებმა წინასწარ იცოდნენ, რომ კოვიდგადატანილი ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ჯგუფები უნდა გაეშვათ.
დეკანოზი ჯაღმაიძე ამბობს, რომ ბაზაზე წვდომა აქვს საპატრიარქოს საავადმყოფოს.
„კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს. ეს მოწყობილია შესაბამისად, კოვიდვითარებასთან დაკავშირებით. ეს საავადმყოფო 10 ათასამდე ადამიანს მოემსახურა და ნუ, რა თქმა უნდა, გვაქვს“, – თქვა მან.
იმის გასარკვევად, ადგილი აქვს თუ არა პირადი ინფორმაციის შესაძლო ხელყოფას, „პუბლიკა“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა. თემის გაცნობის შემდეგ უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხით დაინტერესდნენ და მოკვლევის შემდეგ გაავრცელებენ თავიანთ პოზიციას.