რა განმარტებას აკეთებენ საპატრიარქოში, სადაც დღეს მხოლოდ კოვიდგადატანილი და ტესტირებული ჟურნალისტები შეუშვეს

პუბლიკა

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ საპატრიარქოს რეზიდენციაში შესვლამდე გაიარეს განსაკუთრებული კონტროლი, კერძოდ, შემოწმდა, ჰქონდათ თუ არა მათ გადატანილი კორონავირუსი.

ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა პრესკონფერენციას, წერს, რომ ბრიფინგზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ჟურნალისტები დაუშვეს. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ პროდიუსერებმა წინასწარ იცოდნენ, რომ კოვიდგადატანილი ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ჯგუფები უნდა გაეშვათ.

აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ბრიფინგზევე ჰკითხეს.

„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა შეკითხვის დასმისას აღნიშნა, რომ მედია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით შევიდა საპატრიარქოს შენობაში.  შევიდნენ ისინი, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ გადატანილი ან ტესტი ჩატარებული.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა კი საკითხი დააზუსტა და თქვა, რომ შეგროვდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და მათ უთხრეს, რომ გადამოწმდებოდა ინფორმაცია, მართლა აქვთ თუ არა კორონავირუსი გადატანილი. ჟურნალისტი დაინტერესდა, საპატრიარქოს რამე ბაზაზე აქვს წვდომა თუ საიდან გადამოწმდებოდა ეს ინფორმაცია.

დეკანოზი ჯაღმაიძე ამბობს, რომ ბაზაზე წვდომა აქვს საპატრიარქოს საავადმყოფოს.

„კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს. ეს მოწყობილია შესაბამისად, კოვიდვითარებასთან დაკავშირებით. ეს საავადმყოფო 10 ათასამდე ადამიანს მოემსახურა და ნუ, რა თქმა უნდა, გვაქვს“, – თქვა მან.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ ისინი არ არიან საპატრიარქოს კლინიკაში აღრიცხვაზე, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ „ზოგადად ბაზაზე“ აქვთ წვდომა.

„მე ზუსტად ვერ ვერკვევი ამაში, მაგრამ საერთოდ ხომ ბაზაში რეგისტრირდება, აცრაც“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომელ ბაზაში მოწმდება მონაცემები და ამით ირღვევა თუ არა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი პასუხს ვერ სცემს.

„პუბლიკას“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, გადაეცა თუ არა საპატრიარქოს რამე ბაზა და შეკითხვით საპატრიარქოსთან გადაგვამისამართეს.

რა ბაზაზე საუბრობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამის გასარკვევად „პუბლიკა“ საპატრიარქოს საავადმყოფოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა.

„პუბლიკასთან“ საუბრისას ექიმი ვეფხია ოდიშარია აცხადებს, რომ მათ აქვთ მხოლოდ საპატრიარქოს კლინიკაში არსებული პაციენტების ბაზა. ის ხაზს უსვამს, რომ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ იცნობს სამედიცინო სექტორს და არ გამორიცხავს, რომ ის სწორ ინფორმაციას არ ფლობს.

ექიმის თქმით, კლინიკა პასუხისმგებელია საპატრიარქოს კოვიდუსაფრთხოებაზე, ამიტომ რეზიდენციაში შესვლის მსურველებს წინასწარ ტესტავს, თუმცა კლინიკაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა საპატრიარქოდან მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებელ თანამშრომელს აქვს.

„ჩვენ გვაქვს კლინიკა. ვატარებთ პერმანენტულ ტესტირებას როგორც სამებაში, ისე საპატრიარქოში, ამასთანავე – სხვადასხვა ეკლესიაში. უსაფრთხოების გამო საპატრიარქოში პატრიარქთან და იქ მყოფ საზოგადოებასთან დატესტვის გარეშე ვერ შედის ვერავინ და ეს გატესტვა ჩვენთან ჩატარდება თუ სხვაგან, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ჩვენი კლინიკის გატესტილი ადამიანი მოხვდეს იქ“, – აცხადებს ექიმი.

საიდან აქვს საპატრიარქოს სხვა კლინიკებში გატესტილთა ბაზა, ამ შეკითხვაზე ვეფხია ოდიშარიას პასუხი არ აქვს.

მისი მტკიცებით, წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრიდან კოვიდუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ადამიანს შეუძლია გაიგოს მხოლოდ ამ კლინიკაში ჩატარებული ტესტის პასუხი და  ვერ შეძლებს, ინფორმაცია დააზუსტოს სხვა კლინიკაში გატესტილი ადამიანის შესახებ.

„არის ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ტესტავს და ჩვენ გვეკითხებიან, გაიტესტა-არ გაიტესტა, პასუხი დადებითია თუ უარყოფითი, ვთქვათ და არ აქვს ფურცელი [კორონავირუსზე ტესტის პასუხი]. დანარჩენი, სხვაგან გატესტილების ბაზასთან წვდომა ჩვენს კლინიკას არ აქვს“, – ამბობს ოდიშარია.

იმის გასარკვევად, ადგილი აქვს თუ არა პირადი ინფორმაციის შესაძლო ხელყოფას, „პუბლიკა“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა. თემის გაცნობის შემდეგ უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხით დაინტერესდნენ და მოკვლევის შემდეგ გაავრცელებენ თავიანთ პოზიციას.