იმნაძე: წინა პარლამენტში ერთი ზარდიაშვილი გვყავდა, ამის ინიციირებით გვყავს 7 დეპუტატი, რომელიც ასამარებს სასამართლოს

პუბლიკა

29 დეკემბერს ღამის პირველ საათამდე საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა მოსამართლეთა კანონში შესატან ცვლილებებს.

იურიდიულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის დროს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა გურო იმნაძემ განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით მოსამართლეთა „გაციმბირების“ მექანიზმი შემოდის კანონში და მისი ერთადერთი მიზანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუადვილოს მოსამართლეთა დევნა და დაასუსტოს ინდივიდუალური მოსამართლეები.

„ერთადერთ მიზანი, რაც ამ კანონპროექტს აქვს, არის ის, რომ საბჭოს გავუადვილოთ მოსამართლეების დევნა და ის, რომ კიდევ უფრო მეტად დასუსტდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები და გაიზარდოს გავლენიანი მექანიზმის ძალაუფლება.

არ ვიცი, ამ მსჯელობას რა აზრი აქვს, პირველი საკითხიც იმდენად აღმაშფოთებელია, რომ შემდეგი მსჯელობები როგორ უნდა გავაგრძელოთ, ვერ ვხვდები. მართლა გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში, გილოცავთ ამ რეფორმის გატარებას. ჩვენ თუ წინა მოწვევის პარლამენტში გვყავდა ერთი ვანო ზარდიაშვილი, აი ამ კანონპროექტის ინიციირებით გყავს 7 დეპუტატი, რომელიც ასამარებს სასამართლოს“, – განაცხადა გურო იმნაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა იმნაძეს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„თუ ვერ მშვიდდებით გაბრძანდით და იქ დამშვიდდით, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს ხოლმე, გაბრძანდით დარბაზიდან და დამშვიდდით“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა გურო იმნაძე.

რა ცვლილებები შედის კანონში

◼ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი და გადაწყვეტილება საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.

მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ახალი სახეები: კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს.

მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.