იმნაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლაზე შესაძლოა სანქცია დაწესდეს

პუბლიკა

შეკითხვაზე – დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნა გახდება თუ არა დასჯადი ქმედება? – პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ასეთ ქმედებებზე დაწესდება სანქცია.

„ყველაზე მეტი სანქცია უნდა იყოს ჩვენი ურთიერთკონტროლი, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვართ და ალბათ უნდა გადავლახოთ, როცა გვერცხვინებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა როცა პირბადე არ უკეთია, ან არასწორად უკეთია“, – განაცხადა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

ამირან გამყრელიძის შეფასებით კი სანქციები ყოველთვის აუცილებელია არაა და საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში განუყრელი ატრიბუტი გახდება.

„ვამბობთ, რომ ვსწავლობთ ცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ხდება ჩვენი თანამგზავრი. მე არ გამორიცხავ, არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში. ალბათ ეს იქნება სანქცია, რადგან იქ ამას გააკონტროლებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.