„იმოგზაურე საქართველოში“ – შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მთავრობა პროგრამას იწყებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დაიწყება პროგრამა „იმოგზაურე საქართველოში“ და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროგრამაში.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით, გვაქვს შესაძლებლობა, ხელახალა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისათვის, რომ, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის.

პირველ რიგში, უნდა მივეხმაროთ დარგს, უნდა მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ჩვენს ოჯახთან ერთად აღმოვაჩინოთ ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს არ გვინახავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ რეგიონებმა, რომლებიც ტურისტულად იყვნენ მნიშვნელოვანი, ნაკლებად იგრძნონ ტურიზმისგან გამოწვეული პრობლემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.