იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი აქვს - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტებ კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, მასზე რეაგირების ერთ-ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია, თუმცა პროცედურას პარლამენტში 100 ხმა სჭირდება.

„ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდება ეს, თუმცა იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. ვინ არიან, ამას არ ჩავუღრმავდები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია, ვის შეიძლება ვგულისხმობთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ის არღვევს კონსტიტუციას და ამაზე გვჭირდება რეაგირება“ – განაცხადა კობახიძემ ამავე განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ბოლო პერიოდში 10 ქვეყანაში ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტის განხორციელებაზე უთხრა უარი.

ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს ბერლინში ჩავიდა და გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა.