Indiewire-ის გამოკითხვაში კრიტიკოსებმა საუკეთესო ფილმებს შორის 2 ქართული სურათი დაასახელეს

პუბლიკა

ამერიკულმა გამოცემა Indiewire-მა მსოფლიოს მასშტაბით 187 კინოკრიტიკოსისა და ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კრიტიკოსებმა სხვადასხვა ნომინაციაში 2021 წლის რჩეული ფილმები დაასახელეს.

რჩეული ფილმების ჩამონათვალში ორი ქართული სურათი მოხვდა – დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ და ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყრებთ?“.

საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში მე-8 ადგილი დაიკავა დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისმა“. ასევე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიის ათეულში ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყრებთ?“ მე-8 ადგილი დაიკავა.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ისეთი გამოცემების წარმომადგენლები, როგორიცაა: IndieWire, Variety, Rolling Stone, Vanity Fair და Entertainment Weekly. ასევე, ფრილანსერი ავტორები, სხვადასხვა გაზეთის, ონლაინგამოცემის, რადიოსა თუ ტელევიზიის წარმომადგენლები – ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ავსტრალიიდან და ა.შ.


დეა კულუმბეგაშვილის დებიუტი 2020 წლის „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი იყო. მას შემდეგ, რაც „დასაწყისი“ კანის კინოფესიტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა, ფილმმა ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, სურათი ასევე ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის რჩეულიც გახდა.

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ საქართველოდან 2021 წლის „ოსკარზე“ წარსადგენი კანდიდატი იყო, თუმცა კომისიამ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ აირჩია. ალექსანდრე კობერიძის სურათი თბილისის წლევანდელ კინოფესტივალზეც უჩვენეს, სადაც ფილმი პრიზისა და განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე დარჩა.  ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მოიპოვა. ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კი საუკეთესო სცენარისთვის ალექსანდრე კობერიძეს „ვერცხლის ჰიუგო“ გადაეცა.