„სუფთა კინო“ და იმედგაცრუება | თბილისის კინოფესტივალი #1

ბასტი მგალობლიშვილი

კინოდარბაზების სიმწირემ და პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს თავისი კვალი დაატყო. „ამირანის“ ფოიეში კინომოყვარულები უკვე ნოსტალგიით იხსენებენ, როგორ უყურებდნენ ფილმებს ხალხით გადავსებულ „რუსთაველის“ დიდ დარბაზში, ზოგჯერ უბილეთობის გამო კიბეებზე ჩამოჯდომასაც რომ არ თაკილობდნენ და არც ვირუსის ეშინოდათ. თუმცა, შარშანდლისგან განსხვავებით, თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა რომ ონლაინ აღარ იმართება, ესეც შვებაა.

ფესტივალი ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონით“ გაიხსნა. ფილმი საქართველომ „ოსკარზე“ წარადგინა, ამიტომ მის მიმართ ინტერესი დიდია. გარდა ამისა, 2013 წლის „შემთხვევითი პაემნების“ შემდეგ „მეოთხე ბრაიტონი“ ლევან კოღუაშვილის პირველი მხატვრული ნამუშევარია. ფილმში ყოფილი ჩემპიონი, მოჭიდავე კახი (ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი) ცხრა ზღვას იქით, ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც შვილის დასაცავად რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს – ერთი შეხედვით, ტრაგედიის მასშტაბის სიუჟეტი, დიდი კონფლიქტებისა და თავგადასავლისათვის გვამზადებს. თუმცა კოღუაშვილის კამერა მეტწილად ქართველი მიგრანტების საერთო საცხოვრებლის კედლებისა და რუსული მაფიის კაფეს უსახურ ინტერიერში რჩება. ფილმი ვერ ერევა იმ ამბიციას, რომელიც გეოგრაფიულ მასშტაბში იჩენს თავს, ვერც მიგრანტების საკითხის პოლიტიზებას ახერხებს. მეტიც – მიგრანტები ხშირად მომღერალ, დაულხენელ, მაგრამ ჭკუამხიარულ, სტერეოტიპულ ქართველებად გვევლინებიან. მთავარ სიუჟეტურ ხაზად კი მამა-შვილის ურთიერთობა რჩება: მამა, რომლის წარსულის დიდების შარავანდედი რუსულმა მაფიამაც არ იუცხოვა, და „უხეირო“ შვილი (გიორგი ტაბიძე), „დეპრესიული აგული ერისთავი“, კეთილშობილი საცოლით (ნადია მიხალკოვა). ნამდვილი აღმოჩენაა ლევან თედიაშვილის მეტყველი სახე და ხმა, რომელიც ქართული კინოს ეკრანულ მასკულინობას მხოლოდ აკეთილშობილებს. თუმცა ფილმის ფინალში, სწორედ მაშინ, როცა მაყურებელმა კათარსისი უნდა განიცადოს, მთავარ პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის უხერხული „მრავალჟამიერი“ ჩადგება.

საპრემიერო ღამის იმედგაცრუების შემდეგ, ოპერატორის შესანიშნავი ნამუშევრის მიუხედავად, ვერც მომდევნო დილის ეკვადორულმა ფილმმა – „უხილავმა“ გაამართლა. ხავიერ ანდრადეს სურათი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ მოგვითხრობს და ფაქიზი დაკვირვებით ცდილობს, გადმოგვცეს სასოწარკვეთა სოციალურად პრივილეგირებული ქალისა, რომელსაც ღალატობენ.

„ამირანის“ მეორე დარბაზში „უხილავი“ ჰონ სან-სუს ბოლო ფილმმა – „შენ თვალწინ“ – შეცვალა. სამხრეთკორეელი რეჟისორის წინა ნამუშევარი – „ქალი, რომელიც გაიქცა“ თბილისის კინოფესტივალმა შარშან, ონლაინჩვენებაზე შემოგვთავაზა და 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინომოგონებად დარჩა. ახალი სურათის დიდ ეკრანზე ხილვა კი კინოთეატრში სუფთა ჰაერის ნაკადის შემოჭრას ჰგავდა. სან-სუ უმცირესი მხატვრული ხერხებით, კამერის ზუმის „ძველმოდური“ გამოყენებით, მონტაჟით დაუნაწევრებელი კადრებით დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობს. დაჩქარებული ინდუსტრიების სამყაროში არ მოიძებნება ბევრი ისეთი რეჟისორი, რომელიც საკუთარ დროით განზომილებაში ასე მარტივად შეგიტყუებს, გულისყურით მოგასმენინებს თითქმის გაუნძრევლად მჯდომი პერსონაჟების დიალოგს, გამოსახულებას კი დიდი აფეთქებებისა და კონფლიქტების გარეშე მიგაჯაჭვავს. სან-სუ სწორედ ასეთი რეჟისორია. ორი დის გასეირნება ქალაქის ქუჩებსა და პარკებში; ბავშვობის სახლის მონახულება, სადაც ახლა სხვები ბინადრობენ; წვიმიანი ამინდი კინორეჟისორთან გასაუბრებისას; დაძინება და გამოღვიძება – შესაშური სისადავით გადმოცემული ამბავია, სადაც კვანძები ნელ-ნელა, ძალდაუტანებლად იხსნება; სან-სუ  იდუმალისა და ამავე დროს რაღაც ძალიან ხელშესახების სილამაზეზე მოგვითხრობს.

მოგვიანებით, ფესტივალზე ქართული დოკუმენტური კინოს პანორამა კეკო ჭელიძის 67-წუთიანი მარგალიტით, „მკვდარი სულების არდადეგებით“ გაიხსნა. რეჟისორმა მაყურებელთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საბოლოოდ ფილმში სწორედ ის კადრები გამოიყენა, რომლებიც თავდაპირველად „გამოუსადეგარ“ მასალად მოიაზრებოდა. შედეგად კი ეკრანზე ვიხილეთ გულწრფელი, უსაზღვროდ სევდიანი ფილმი, რომელსაც არც იუმორიც აკლია. ასეთივე გულწრფელია ფილმის მთავარი გმირი და მისი დედა – ლამარა. თბილისის გარეუბანში, კოლოფისოდენა ბინაში მცხოვრები დედა-შვილის ისტორია ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ბნელ შრეებს დაუნდობლად ააშკარავებს. შვილი – ლევან სვანიძე, ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის ღირსეული წარმომადგენელია, იგი ჯგუფ „ამორალის“/„წერილის“ თანადამფუძნებელი და ბასისტია, თუმცა ამას ფოტოგრაფიული მეხსიერების არმქონე მაყურებელი ფილმის ფინალში აცნობიერებს. ბენდის კომპოზიციები  პოსტ-პანკ ჟღერადობით ორგანულად ერწყმის ფილმის დრამატულ/ლირიკულ ხასიათს და ქალაქის პოსტსაბჭოურ პეიზაჟებს. კეკო ჭელიძის კამერის მზერა ემპათიურია, გულისყურით უსმენს ლევანის წუხილს მარტოობაზე, უსამსახურობაზე, დედასთან ურთიერთობასა და აუხდენელ ოცნებებზე.

6 ნოემბრის საღამო დასრულდა ალექსანდრე კობერიძის ფილმით  – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“. „ფილმი-ზღაპარი“ – როგორც ოთარ იოსელიანი გვამცნობს თავისი „აპრილის“ ტიტრებში, კობერიძის ფილმიც სწორედ ამ ჟანრიდანაა. რეჟისორს კარგად ესმის, რა უყვარს კინოკამერას ყველაზე მეტად – ბავშვები, ადამიანის სახე და, რა თქმა უნდა, ძაღლები. ზღაპრისეული ბანალური სიუჟეტით, თბილი ფერებით, მსუბუქი იუმორითა და თამამი რეჟისორული გადაწყვეტებით მაყურებლის თვალწინ იშლება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოლაბირინთი, გნებავთ, სპირალი, რომელშიც გზას მთხრობლის ხმა გვიკვალავს. ამ მრავალშრიან თავგადასავალში კინოს ლამის მთელი ისტორია იკითხება და, ვფიქრობ, ფილმიც პირველ რიგში სწორედ კინოს შესაძლებლობას ეხება. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორებისთვის უნდა იყოს, რადგან ფილმის სილაღე იმდენად გადამდებია, რომ იგი აუცილებლად გააჩენს ახალ შემოქმედებით იმპულსებს.

7 ნოემბერს კი მაყურებელს უცხოურ პანორამებთან ერთად სხვა ახალი ქართული ფილმებიც ელის – სოსო ბლიაძის „ოთარის სიკვდილი“, თაზო ნარიმანიძის „ზამთრის დეპრესია“ და სხვა.