ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია - გამყრელიძე გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიდსიტუაციაზე და საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე ისაუბრა.

შემთხვევა „საქართველოში დღევანდელი რიცხვით 157 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.  ეს გახლავთ იმ 2700 შესაძლო შემთხვევიდან დადასტურებული შემთხვევები. გატესტილია 2900 ნიმუში და ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს 157 შემთხვევა.  კარგია ის, რომ გვყავს 28 გამოჯანმრთელებული. დღეს დილით პირველი სამწუხარო გარდაცვალების დადასტურდა.

ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც 31 მარტს შეიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსრიდა. ძირითადი დიაგნოზი გახლავთ კოვიდ 19 მწვავე პნევმონიით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, გარდაცვლილს არაერთი თანხმლები დაავადება ჰქონდა.

„ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის სახელით, სადაც ჩვენ გვყავს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი იყო კონტაქტში ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა და აქედან ერთ-ერთმა გადასდო ამ ქალბატონს, რომელიც მარნეულში პირველი ინფიცირებულის ნათესავია. ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად ცნობილია. როგორც ცნობილია, ამ კლასტერში ჩვენ გვყავს ინფიცირებული 5 ადამიანი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.