საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

კორონავირუსით საქართველოში პირველი პაციენტი გარდაიცვალა. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

„ჩვენს კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილ იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის. რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდინფექცია. ანამნეზში ამ პაციენტთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იყო მკვეთრი წონის დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევით დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დაფიქსირდა მწვავე სეფსისი, ჰერმოდინამიკის რღვევით.

ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ეს ღონისძიებები აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილით 9:00 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 156 დადასტურებული შემთხვევაა, 28 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.