ინფექციური საავადმყოფო თბილისში COVID-19-ის სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგებს აქვეყნებს

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფო თბილისში ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19-ის სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევის წინასწარ შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის განცხადებით, კვლევა ა.წ. 18-27 მაისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ჩატარდა.

„კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცენტრის ინფორმაციით, კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის. შესაბამისად, კვლევაში მიღებული სეროპრევალენტობის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

„შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალისწინებულია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც  დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი”, – ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.

ცენტრი ასევე ავრცელებს ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს:

  • ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) – გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა – 4,65%;
  • ნიუ-იორკის შტატი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 13,9%;
  • ქ. ნიუ-იორკი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 21,2%;
  • ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) – გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა – 10%;
  • ქ. ჟენევა (შვეიცარია) – პრევალენტობა – 10,8%.