„ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიშია, არ იყო“ - მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ინფორმაცია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეწყერსაშიში იყო.

„ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცაღა ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა“, – ამბობს ის.

იმავეს იმეორებს მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე.

„მთლიანად გამოიკვლევენ არამარტო ამ ფერდს, არამედ ამ მიდამოებს. ამდენ ხანს შენიშვნა არ ყოფილა, რომ აქ არის მეწყერსაშიში ზონა და ეს უბედურება მოხდა 20 წამში დამთავრდა ყველაფერი, როგორც მოსახლეობამ აგვიხსნა“, – თქვა მან მედიასთან.

„პუბლიკა“ გაეცნო გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს. მასში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, დიმში, I ოჩბაში, II ოჩბაში, წითელხევში, ფერსათში, შუბანში და ზეგანში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ, მდინარე ხანისწლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება ინფორმაცია, რომ დოკუმენტი სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალისტებთან ერთად მუნუციპალიტეტებს გააცნეს.

ასევე სააგენტო აღნიშნავს, რომ ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერი მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე ჩამოწვა.

მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა გადაარჩინეს ერთი ადამიანი, იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, 5 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებას ატარებს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი.