ინფორმაცია, რომ თითქოს ნელი დოროყაშვილმა ბასილაშვილის ნივთების დააზიანა, სიცრუეა - PHR

პუბლიკა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დეზინფორმაციას უწოდებს 2020 წლის 8 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნელი დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთების დააზიანა.

„21 მაისიდან დღემდე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია ნელი დოროყაშვილის შესახებ (თითქოს ის 21 მაისს შეთანხმების გარეშე მივიდა ყოფილი მეუღლის სახლში ბავშვის წამოსაყვანად, ან ყოველთვიურად ითხოვდა ნიკოლოზ ბასილაშვილისგან 100 000 ლარის გადახდას და სხვ.).  2020 წლის 8 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციაც წარმოადგენს ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის, საზოგადოებაში მისი სახელის შემლახავი კამპანიის ნაწილს და მიზნად ისახავს ბრალდებულის მსხვერპლად წარმოჩენას“, – აცხადებს PHR.

ორგანიზაციის განცხადებას თან ახლავს ვიდეოც, რომელიც PHR-ის განცხადებით, 2020 წლის 9 სექტემბერს არის გადაღებული.

„ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მის სახლში [ნელი დოროყაშვილის] დღემდე ინახება ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთები, მათ შორის თასები, დაუზიანებელ მდგომარეობაში. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასოდეს შეშლია ხელი ნივთების წაღებაში და დღესაც ნებისმიერ დროს შეუძლია ამ ნივთების წაღება. მანამდე კი ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთები უსაფრთხოდ ინახება ნელი დოროყაშვილის სახლში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა.

PHR-ის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდზე.