ინფრასტრუქტურის მინისტრი: 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო

პუბლიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 214 მიმდინარე პროექტიდან 161 „პრობლემური იყო“. სოხაძის განმარტებით, პრობლემებში იგულისხმება როგორც შესრულების დაბალი ტემპი, ასევე შეჩერებული ან ვადაგადაცილებული პროექტები.

მისივე თქმით, გაიცემოდა დიდი მოცულობით ავანსები ვალდებულების შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე, მაგალითად, ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330-მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო 175 მილიონი ლარის ავანსი.

„მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ.

რიგ შემთხვევაში მშენებლობის დაბალი ხარისხი მოითხოვს უკვე შესრულებული სამუშაოების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას. თუ ჩვენს მიერ მიმდინარე პროექტების მონიტორინგის შედეგად, ხარისხთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით შევისწავლოთ და მხოლოდ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაგრძელდეს აღნიშნული სამუშაოები“, – განაცხადა სოხაძემ.


27 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს.

როგორც გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, „საბავშვო ბღების რეაბილიტაციის საქმეზე” ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.