„ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ინიციირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც არის სუფთა, ამერიკული ანალოგი. ჩვენ პირდაპირ თარგმანს გავაკეთებთ და კანონს დავაინიცირებთ, რისთვისაც 1-2 დღე დაგვჭირდება“,– ამის შესახებ „მოძრაობა ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე ხუნდაემ განაცხადა, ჯერ საკომიტეტო მოსმენები არ დაწყებულა „მაგრამ დაიწყო სპეკულაცია რომ ეს არის რუსული კანონი“, რაც მისი შეფასებით სიმართლეს არ შეესაბამება. ხუნდაძე ამბობს, რომ მათ აქამდეც განმარტეს, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ამერიკული ვერსიისგან განსხვავებით მეტად ლიბერალურია და საერთო არაფერი აქვს რუსულ კანონთან.
ხუნდაძე ამბობს, რომ სპეკულაციები და შიშები კანონპროექტთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
„ახლა არჩევანი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აქამდე. საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. ანუ, ახლა გვაქვს 2 ვარიანტი. პირველი, რომელიც უკვე წარდგენილია – ქართული ვარიანტი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და მეორე, სუფთა ამერიკული „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, – თქვა ბრიფინგზე ხუნდაძემ.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.
კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ.
ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.
ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.